დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ორი კვირის განმავლობაში, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ამ მიმართულებით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.
„აღსანიშნავია, რომ კიდევ სამმა ოჯახმა მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სააგენტომ შეუსყიდა. ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 36 დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა და პროცესი, მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. გაცემული დაპირების შესაბამისად, 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და დევნილთა ინტერესების დამცველი იურისტი.