დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო
დევნილთა სააგენტომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი დაიწყო.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ ცხრა დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა.
მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებულმა შვიდმა ოჯახმა, განსახლების ალტერნატიულ მოდელი აირჩია და თავად მოიძიეს საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდის.
„ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა.
განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება.
დევნილთა სააგენტო აქტიურად მუშაობს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის საკითხზე და მათ განსახლების ორი გზას სთავაზობს: დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში; დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა“, – აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.