საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩოგბურთში მთავარი გუნდური ტურნირის – დევისის თასის ფინალი დაიწყო, რომელშიც საფრანგეთი ბელგიას მასპინძლობს.
24 ნოემბერს ორი მატჩი გაიმართა. თავდაპირველად, ჰარდის კორტზე ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელთა ლიდერი დავიდ გოფენი გავიდნენ. გოფენს, რომელმაც ცოტა ხნის წინ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ითამაშა, ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. მან 12 ეისი ჩააწოდა და 11-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მის მეტოქეს კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ ჰქონია. საათსა და 59 წუთში ბელგიელმა 7:5, 6:3, 6:1 მოიგო და მატჩში ანგარიში გახსნა.
დღის მეორე მატჩში ფრანგების პირველი ნომერი ჟო-ვილფრიდ ცონგა სტივ დარცისს ხვდებოდა და აქაც დიდი იყო ფავორიტის უპირატესობა. ცონგას ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუცია ბელგიელისთვის, თავად კი 11-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საათსა და 46 წუთში 6:3, 6:2, 6:1 გაიმარჯვა.
დევისის თასის ფინალის პირველი დღის შემდეგ, ანგარიშია – 1:1.
25 ნოემბერს წყვილების მატჩი გაიმართება, კვირას კი ისევ ერთეულთა ორი მატჩი იქნება და 2017 წლის სეზონი დასრულდება.