დევიდ ქემერონი - ყოველდღე ვუყურებ მომხდარს და ვსვამ კითხვებს, შეესაბამება ეს საერთაშორისო სამართალს? შეეძლო თუ არა ისრაელს, აეცილებინა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი?
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, შიშობს, რომ, შესაძლოა, ისრაელმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი ღაზაში.
„რა თქმა უნდა, ყოველდღე ვუყურებ მომხდარს და ვსვამ კითხვებს: შეესაბამება ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს? შეეძლო თუ არა ისრაელს, უკეთესად ემოქმედა, რომ თავიდან აეცილებინა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი? რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებ. ყველა ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვის ნიშანი, არღვევს თუ არა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
ამასთან, როგორც მედია წერს, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი „ჰამასის“ თავდასხმებისგან, მაგრამ ასევე მოუწოდა მის სამხედროებს, გამოიჩინონ თავშეკავება და იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ღაზაზე შეტევისას.
მედიის ცნობით, დევიდ ქემერონმა პირდაპირ არ უპასუხა კანონმდებლებს, მიიღო თუ არა იურიდიული რჩევა იმის შესახებ, რომ ისრაელმა, შესაძლოა, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ინციდენტმა გააჩინა კითხვები, იყო თუ არა დარღვევები.