დევიდ ო’სალივანმა საქართველოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტნიორების ხედვები მოისმინონ.
„მათი აქ ჩამოსვლა და შეხვედრების დანიშვნა როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან ნიშნავს, რომ მათთვის საქართველო მოიაზრება, როგორც მყარი პარტნიორი და დიდ იმედებს ამყარებენ. ჩვენ ცალსახად ვართ ევროპის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ასაღები ვალდებულებები, რომლებიც სრულფასოვნად გვექნება შესასრულებელი და ალბათ სჯობს, სწორი იყოს ჩვენი პოზიციონირება. ამ შემთხვევაში, ლომის წვლილი უჭირავს ბიზნესს. ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობები არის გადამწყვეტი. ჩვენ ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპისკენ, ფართოდ უნდა გავუღოთ კარი ევროპას და, რა თქმა უნდა, დიდწილად მოგვიწევს უარის თქმა რუსეთთან ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია, გავიგოთ მათი ხედვები, რა პრობლემებს ხედავენ და მომავალში თუ რაიმე საფრთხეები იქნება, გავითვალისწინოთ, მომზადებული დავხვდეთ იმ პროცესებს, რაც წინ გველოდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
მოგვიანებით, საქართველოში ვიზიტით მყოფი დევიდ ო’ სალივანი, ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ აიერი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.