ლევან დავითაშვილი - ძალიან პოზიტიური იყო შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით, მოვისმინეთ მადლობა, ჩვენი სტუმრების მიერ აღნიშნა, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია
ლევან დავითაშვილი - ძალიან პოზიტიური იყო შეფასება, რომელიც მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით, მოვისმინეთ მადლობა, ჩვენი სტუმრების მიერ აღნიშნა, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია

დელეგაციის წევრებთან დეტალურად განვიხილეთ, როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელთან, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სტუმრების მიერ აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული პარტნიორია.

„ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური იყო შეფასება, რომელიც ჩვენ მივიღეთ სანქციების შესრულების კუთხით საქართველოს დახმარების ნაწილში. მოვისმინეთ მადლობა თანამშრომლობის ნაწილში. საქართველო დღეს საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ღირსეული პარტნიორია და ეს აღინიშნა ჩვენი სტუმრების მიერ. საქართველო კვლავაც გააგრძელებს იმ რისკების პრევენციის კუთხით პარტნიორების დახმარებას, რომელიც შეიძლება, ახალი სანქციების შესრულების კუთხით იყოს. ამ საკითხების განხილვა შესაბამის უწყებებთან დეტალურად მოხდება.

ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ტენდენციებზე, გამოწვევებზე, ასევე შესაძლებლობებზე.  ვფიქრობ, მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება, პირველ რიგში, ევროკავშირის სტრუქტურებთან, ასევე აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხებზე, რათა კოორდინირებული მუშაობით უფრო ეფექტიანი იყოს სავაჭრო ურთიერთობები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ასევე, ავიცილოთ რისკები, რომლებიც შეიძლება, სანქციების გვერდის ავლას ითვალისწინებდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ.