დევიდ ლამი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ იმუშავებს ნებისმიერთან, ვინც არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში დარჩება
დევიდ ლამი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ იმუშავებს ნებისმიერთან, ვინც არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში დარჩება

ლეიბორისტი დევიდ ლამი აცხადებს, რომ როდესაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, მზადაა, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც თეთრ სახლში არჩევნების შემდეგ დარჩება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„აშშ არის ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორი. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ყველასთან, ვინც თეთრ სახლშია. მოუთმენლად ველოდები ნატო-ს კონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში უახლოეს დღეებში გაიმართება, ასევე, მუშაობას ჯო ბაიდენთან, ენტონი ბლინკენთან და მის გუნდთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მათთან, ვისაც შეერთებული შტატები აირჩევს თავის პრეზიდენტად მიმდინარე წლის ბოლოს“, – განაცხადა ლამიმ.

ამასთან, მომავალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს.

„ჩვენს ქვეყანაში, ცხადია, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია იმ სურათებით, რომლებსაც ღაზაში მრავალი თვის განმავლობაში ვხედავთ. ჩვენ, ყველას გვინდა, ვიხილოთ ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია დიპლომატიურად, რომ მხარი დავუჭირო ჯო ბაიდენს ამის მიღწევაში. ჩვენ ასევე გვსურს მძევლების გათავისუფლება და გვსურს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება ღაზაში“, – დასძინა დიპლომატმა.

ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ 411 ადგილი მოიპოვა, რითიც დაასრულა კონსერვატიული მმართველობის 14 წელი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.