დევიდ კრამერი - ვიდრე საქართველო არ აღადგენს კონტროლს თავის სრულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე
ჩემს ზურგს უკან ჩანს საქართველოს ტერიტორია და არა – რუსეთის. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის მიტაცება, რაც ჩვენ ვიხილეთ 15 წლის წინ, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
მისივე თქმით, გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გზაზე.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივუსამძიმრო იმ ქართველებს, რომელთა ახლობელებიც დაიღუპნენ რაჭაში მეწყრის შედეგად. ჩვენ, აშშ-ში ასევე დავზარალდით საშინელი ხანძრებით ჰავაის კუნძულ მაუიზე და ამიტომ გვესმის, რას განიცდით თქვენ. შესანიშნავია საქართველოში დაბრუნება, თუმცა სამწუხაროა, რომ ისევ ამ ადგილას, საოკუპაციო ხაზთან მიწევს დგომა. წელს 15 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ. ახლა ჩემს ზურგს უკან საქართველოს ტერიტორია ჩანს და არა – რუსეთის. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიის მიტაცება, რაც ჩვენ ვიხილეთ 15 წლის წინ. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სადემარკაციო ხაზის გადმოწევა ხდება და უდანაშაულო მოქალაქეებს აკავებენ. მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც საქართველოში ვიმყოფებით საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ხვალ დაიწყება თბილისში, ვართ აქ, საოკუპაციო ხაზთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არასდროს დავივიწყებთ აქ მომხდარს, ასევე, რათა შევახსენოთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ დემოკრატიულ და დასავლეთზე ორიენტირებულ გზაზე“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
კითხვაზე, – „ქვეყანაში ხდება ნიჰილიზმის გაღვივება, რომ დასავლეთისთვის საქართველო არ არის საინტერესო, რა მოსაზრება გაქვთ ამის შესახებ?“ – დევიდ კრამერი პასუხობს: „რუსეთის აგრესია 15 წლის წინ აქ დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა უკრაინაში, თუმცა საქართველოში ეს არასდროს შეწყვეტილა. ვიდრე საქართველო არ აღადგენს კონტროლს თავის სრულ ტერიტორიაზე, საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე“.
4-5 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართება. აღნიშნული კონფერენციის მონაწილეები დღეს სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.