დევიდ კრამერი - ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა აკისრიათ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს
დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრიათ, რადგან მათ, როგორც ბლოკმა, არ მისცეს ხმა ცვლილებებს, ოპოზიციის დღევანდელ შედეგში დადანაშაულება არ შეიძლება, – ამის შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების თაობაზე კომენტირებისას განაცხადა. დევიდ კრამერის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ოპოზიციის წევრები საუბრობენ შეთქმულებაზე, რომ ცვლილებები, რომლის გატარებასაც მთავრობა ხალხს ივნისის პროტესტის პასუხად დათანხმდა, განწირული იყო ჩავარდნისთვის მაშინ, როცა პროტესტის უშუალო კენჭისყრა მოხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. არ შეიძლება, დღევანდელ შედეგში ოპოზიცია დაადანაშაულონ“, – ამბობს კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას და განმარტავს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას და გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემთხვევაში არსებობს.
დევიდ კრამერი მოუწოდებს მხარეებს, შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს, სანამ „ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ“.
„სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“, – განმარტავს დევიდ კრამერი.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.