Deutsche Welle - „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული იარაღით იბრძვიან
Deutsche Welle - „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აღმოსავლეთ ევროპაში წარმოებული იარაღით იბრძვიან

„ისლამური სახელმწიფოს“ არსენალში არსებული იარაღის უმეტესობა აღმოსავლეთ ევროპაშია წარმოებული. ერაყსა და სირიაში ეს შეიარაღება მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ამის შესახებ ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Conflict Armament Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. კვლევას კი, საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ტერორისტების კუთვნილი იარაღის ნაწილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია დამზადებული და კონფლიქტის ზონაში აშშ-იდან საუდის არაბეთის გავლით მოხვდა. ექსპერტების დასკვნით, ეს სქემა სამი წლის განმავლობაში – 2014 წლის ივლისიდან 2017 წლის ნოემბრამდე მუშაობდა.

სპეციალისტებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მიტოვებული იარაღის წარმომავლობა შეისწავლეს, რომელთა წარმომავლობის დადგენა სერიული ნომრების საშუალებით მოხერხდა. მათ შორის, მიაკვლიეს ბულგარეთში წარმოებული რაკეტა, რომელიც აშშ-ს 2015 წლის დეკემბერში მიჰყიდეს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, სულ რაღაც ორ თვეში, ეს იარაღი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ხელში აღმოჩნდა და ის ერაყელმა სამხედროებმა ქალაქ რამადის გათავისუფლების დროს იპოვეს. ამასთან, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა გზით მოხვდა ეს შეიარაღება ტერორისტებთან.

ბულგარეთში დაადასტურეს, რომ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ამერიკულ კომპანიას გადასცეს. თუმცა, სოფიაში აცხადებენ, რომ გარიგების ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ამ შეიარაღებას მესამე პირებს არ გადასცემდნენ და ამის გარანტად აშშ-ის შეიარაღებული ძალები გამოდიოდნენ. ექსპერტების აზრით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა ევროპიდან იარაღის ექსპორტის რეგლამენტი დაარღვია.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ში კი ამტკიცებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ევროპული იარაღი საუდის არაბეთის გავლით ხვდება. მათივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ ევროპა და აშშ ამ მარშრუტით ცდილობდნენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდებას.

აღსანიშნავია, რომ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევითი ცენტრის (OCCRP) მიერ, ჯერ კიდევ 2016 წელს ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დადგინდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანა იარაღით ამარაგებდა საუდის არაბეთს, იორდანიასა და თურქეთს. ამავე გამოძიებაში ნათქვამია, რომ შემდგომში ამ შეიარაღების ნაწილი სირიელი ამბოხებულებისა და საბოლოოდ, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა.