რატომ სურს ყველას თბილისში ჩასვლა? – ასეთი სათაურით სტატიას გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი თბილისის 1990-იანი წლების ბერლინს ადარებს. მისი თქმით, თბილისი დღეს საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს შესახებ არსებულ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს.
„მაგალითისთვის სასტუმრო „სტამბა“. ეს ადგილი საქართველოს შესახებ ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. საქართველო – საბჭოთა ბიუსტები, კორუფცია, ომი რუსეთთან, სეპარატისტული კონფლიქტები, ავტორიტარული მთავრობა, ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, ოლიგარქები და ეკონომიკა, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.
გადის დრო და დღეს ბერლინში, ნოიკიოლნსა და კროიცბერგის რაიონების ბარებში ბევრი ამბობს, რომ საქართველოში რაღაც ხდება, განსაკუთრებით თბილისში. ერთმილიონიან ქალაქში, რომელიც სადღაც შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს. მეგობრის მეგობარი უკვე იყო თბილისში, მეზობელიც. ისმენთ უცნაურ და სახალისო ისტორიებს შეშლილი კლუბების, საუკეთესო ბარების, უცნაური ხალხის, ლამაზი ხალხის, ხელოვანი ხალხის შესახებ. ასეთი იყო 1990-იანი წლების ბერლინი. და უეცრად ყველას თბილისში წასვლა სურს“, – წერს Der Tagesspiegel-ი.
სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ელოდება სიახლეებისა და ახალი ტურისტული მიმართულებების მოყვარულ უცხოელებს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სურს „კოსმოპოლიტური ცხოვრების სტილი უცხო გარემოს შეუხამოს“.
პუბლიკაციის ავტორი, თბილისში მოქმედი ღამის კლუბებისა და ბარების გარდა, აღწერს იმ ადგილებს, სადაც ტურისტები ხშირად იკრიბებიან, მათ შორის არის „ფაბრიკა“, რომელსაც ის „ჰიპსტერების ოაზისს“ უწოდებს.
„ეს თბილისელი დიჯეების შეკრების ადგილია. ლამაზი განათებების ქვეშ, ბურგერს მიირთმევ, სამაგიდო თამაშებით ერთობი და სვამ ცივ ლუდს, რომელიც ბერლინზე გაცილებით იაფი ღირს. კარგი ამინდი აქ ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ამიტომ ყველა აქაა“, – წერს სტატიის ავტორი.