დეპუტატების ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძის მისვლას ითხოვს
დეპუტატების ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისვლას ითხოვს.
როგორც დეპუტატები აცხადებენ, პარლამენტი პლენარული სხდომა უნდა შეწყდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში არ დაბრუნდება.
„ბატონო ზვიად, თქვენ ნამდვილად არანაირად არ ჩათვალოთ პიროვნულად, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ თქვენდამი პატივისცემას, მაგრამ ჩემთვის პრინციპულია, რომ ირაკლი კობახიძე იყოს აქ. იმის გათვალისწინებით, რაც მან თავის განცხადებებში და გამოსვლებში გააკეთა, ვერ მივიღებ ახლა იმას, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მოსამართლეების თემაზე, კობახიძე ხვდებოდეს ჩინჩალაძეს და მურუსიძეს რა. თუ კობახიძე მაგათი თავმჯდომარეა და მაგათი უფროსია ხო, ეგეც გვითხრას მაშინ. ამ სხდომაზე უნდა ესწრებოდეს ირაკლი კობახიძე და ყველა მსჯელობა მოისმინოს, ყველა ჩვენ არგუმენტი მოისმინოს მან პირადად“, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გედევან ფოფხაძემ.
დეპუტატმა სოფო კილაძემ კი განმარტა, რომ შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს, დაანონსებული იყო და პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მოსამართლეებს ხვდება, არამედ იუსტიციის საბჭოს წევრებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ის არის სხდომის წამყვანი, ვერ ხედავს სხდომის შეწყვეტის მიზეზს და ირაკლი კობახიძის დალოდების აუცილებლობას.
საპარლამენტო უმცირესობამ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა, რის გამოც სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვდება.