დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
აცრა პარლამენტის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარეს.
„სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის დეპუტატებიდან აიცრნენ: რატი იონათამიშვილი, ელისო ბოლქვაძე, ნინო წილოსანი, ქეთევან დუმბაძე, ირმა ზავრადაშვილი, თამარ ტალიაშვილი, რიმა ბერაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი სესიაშვილი.
„ჩემს შემთხვევაში, არჩევანი გავაკეთე „სინოფარმზე“. მიხარია, როდესაც პარლამენტარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, კამპანიის ფარგლებში ჩაერთვება და მოუწოდებს ჩვენს მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც გარკვეულ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. „სინოფარმის“ შემთხვევაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი არის მსურველი, გაიკეთონ აღნიშნული ვაქცინა. ჩვენი კამპანიის ფარგლებში იმედი მაქვს, ანტივაქსერულ მოძრაობებს გარკვეულწილად შევამცირებთ. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი მოვალეობაა, გავიაროთ ეს პროცესი და რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს ქვეყანა, თითოეული ჩვენგანი ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ.
ვაქცინაციის პროცესს ესწრება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს და დეპუტატების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურებრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღესდღეობით გამოიხატება სწორედ პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციის დაცვასა და ასევე ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურია მინისტრების ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში. ასევე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოს და დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ისინი არიან ჩვენი ხიდი საზოგადოებასთან. დარწმუნებული ვართ, ეს კიდევ მეტად გაააქტიურებს ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 აპრილიდან დაიწყო.
რაც შეეხება მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.