დენიელ ფრიდი - ჯო ბაიდენს იმის ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს მისაღები პუტინის შედარებით მცირე თავდასხმაც კი, მეტიც, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ერთგვარ შვებად
ჩემი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოსვლისას იმის ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს მისაღები პუტინის შედარებით მცირე თავდასხმაც კი და მეტიც, ეს არ უნდა მივიჩნიოთ ერთგვარ შვებად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ჯო ბაიდენის ბოლო განცხადებას, სადაც მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში „მცირე შეჭრა“ ახსენა.
„უკრაინაზე არც ერთი თავდასხმა არ იქნება გამართლებული. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას ზედმეტი ინტერპრეტაციები მოჰყვა. ბაიდენი ცდილობდა, ხაზი გაესვა იმისთვის, რაც, ჩემი აზრით, მართალია. რუსეთის შემდეგი აქტიური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სავარაუდოდ არ იქნება სრულმასშტაბიანი, ან ოპერაცია „ბარბაროსა“. ეს იქნება უფრო შეზღუდული სამხედრო შეჭრა, პუტინისთვის დამახასიათებელ სტილში. ის ახდენს პროვოცირებას, აბნევს მოწინააღმდეგეს, ინიღბება. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს კიბერთავდასხმები, მაგრამ ამჯერად საქმე გვექნება კიბერსაბოტაჟთან. შესაძლოა, ეს იყო სამხედრო მოქმედებები, კონკრეტული კუნძულის დაკავება ან რუსი სამხედროების გაგზავნა, რათა მათ უკვე ოკუპირებული დონბასის ფორმალური ოკუპაცია მოახდინონ. ეს იქნებოდა იგივე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსები ფარულად შესულიყვნენ და არა საქართველოზე სრულმასშტაბიანი თავდასხმით. აი, ისეთის, როგორც ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ.
ამასთან, ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჯო ბაიდენს ნამდვილად არ აუნთია „მწვანე შუქი“ პუტინისთვის უკრაინაში შესაჭრელად.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტ ბაიდენს გამოსვლისას იმის ხაზგასმა სურდა, რომ ჩვენთვის არ უნდა იყოს მისაღები პუტინის შედარებით მცირე თავდასხმაც კი, და მეტიც – ეს არ უნდა მივიჩნიოთ ერთგვარ შვებად. ამის შემდეგ დგება ახალი პრობლემა. რას ვაკეთებთ ჩვენ საპასუხოდ? რამდენად ძლიერი რეაქცია უნდა გვქონდეს? ბევრი იტყვის, რომ რუსეთი თუ მოქმედებს შეზღუდული ძალით, მაშინ ჩვენი რეაქციაც შეზღუდული უნდა იყოს. ეს პუტინს უფრო აძლევს ხელს. ვფიქრობ, ბაიდენი ამბობდა, რომ აშშ-ის მთავრობა რუსეთის ყველანაირი ქმედებისთვის მზად უნდა იყოს. ბაიდენს ნამდვილად არ აუნთია „მწვანე შუქი“ პუტინისთვის უკრაინაში შეჭრისთვის. ის საწინააღმდეგოს ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თეთრმა სახლმა ბაიდენის გამოსვლის შემდეგ გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ნებისმიერი თავდასხმა უკრაინაზე სერიოზულ პასუხს გამოიწვევს“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ. თუმცა, თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“.
ამასთან, მეორე დღეს ჯო ბაიდენმა რუსეთის შეჭრის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან, ამერიკელ დიპლომატთან, მდენიელ ფრიდთან სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე.