ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება
ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის შეჭრის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. როგორც ბაიდენმა განაცხადა, რუსეთის ნებისმიერი შენაერთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ჩაითვლება უკრაინაში შეჭრად, რასაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ ავრცელებს.

მანამდე ბაიდენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში „მცირე შეჭრას“ განახორციელებს.

„მე ცალსახად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს და მან ეს გაიგო. თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც მე განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე, ამის შესახებ ვუთხარი პრეზიდენტ პუტინსაც. მაგრამ არავის შეეპაროს ეჭვი, რომ თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. ამასთან, ეს არ არის ერთადერთი სცენარი, რომლისთვისაც ჩვენ მზად ვართ. რუსეთს აქვს გრძელი ისტორია აგრესიის განხორციელებისას ისეთი ზომების გამოყენებისა, რომლებიც არ არის სამხედრო და ნახევრად სამხედრო ტაქტიკა, ე.წ. ნაცრისფერი ზონის თავდასხმები და ქმედებები, რომლებსაც ახორციელებენ რუსი სამხედროები და მათ ფორმა არ აცვიათ. გახსოვთ, ისინი შეიჭრნენ დონბასში. პატარა მწვანე კაცუნები? ეს მოიცავს ამ მწვანე კაცუნებსაც და კიბრთავდასხმებსაც. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ასეთ ქმედებებზე საპასუხოდ და ეს უნდა იყოს გადამწყვეტი და ერთიანი პასუხი იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გვაქვს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.