დენიელ ფრიდი - არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი
დენიელ ფრიდი - არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი

პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „საქართველოს რადიოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესებშია, რომ პუტინი წარუმატებელი იყოს უკრაინაში.

„პუტინის წარუმატებლობა უკრაინაში იქნება იმის დემონსტრირება, რომ მისი აგრესიის მოდელი – რუსეთის იმპერიის აღდგენა ომით, არ იქნება წარმატების მომტანი. ეს დაეხმარება საქართველოს, გაათავისუფლებს ამ შიშისგან და მისცემს საშუალებას, მიაღწიოს გაცხადებულ მიზანს, რაც არის უფრო ფართო ევროპის ნაწილად ქცევა. ახლა იოლი დრო არ არის. მე არ ვთავაზობ საქართველოს, გაუგზავნოს იარაღი უკრაინას, მაგრამ საქართველოს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, საქართველო შეიძლება, იყოს შემდეგი. პუტინი თუ წარუმატებელი იქნება უკრაინაში, საქართველო უფრო უსაფრთხოდ იქნება. საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ვიდრე უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე ჩუმადაა, ემზადება თავდაცვისთვის და რუსეთისთვის იოლი სამიზნე არაა. ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ დღეს არაა აშკარა, რომ პუტინი წარმატებას მიაღწევს. ჩემთვის ცხადია, რომ ამ დრომდე პუტინი წარუმატებელია. დაძაბულობა რუსეთში იზრდება. იმედი მაქვს, ეს არის მომენტი, როდესაც ქართველები საკუთარი ქვეყნის დასაცავად უნდა გაერთიანდნენ. კარგად ვიცი პოლონეთი. პოლონეთი საქართველოს ძლიერი მეგობარია. პოლონეთში მმართველ პარტიას და ლიბერალურ ოპოზიციას ნამდვილად არ ეხატებათ გულზე ერთმანეთი. ისინი თითქმის ისევე არიან პოლარიზებული, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პოლონელები ერთიანები არიან. ისინი ახერხებენ ყველა საკითხზე დაპირისპირებას, მაგრამ უკრაინასთან დაკავშირებით თანხმობას ინარჩუნებენ. სწორედ ამიტომ არის პოლონეთი ძლიერი. ეს კარგი გაკვეთილია“, – განაცხადა ფრიდმა.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტია თავშეკავებული პოლიტიკა საჯაროდ და გამბედავი საჯარო სივრცის მიღმა და სახლში.

„მე გარკვეული სიმპათიით ვარ განწყობილი მთავრობის პოზიციისადმი. თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ არის ძალიან კარგი. თქვენ რთულ ადგილას ხართ. მე ეს მესმის, მაგრამ რთული არ ნიშნავს უიმედოს. საქართველოს აქვს შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავშეკავებული პოლიტიკა  საჯაროდ, მაგრამ გამბედავი საჯარო სივრცის მიღმა და სახლში არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, ეს ქართველებმა უნდა შეიმუშავონ“, – განაცხადა ფრიდმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან, ამერიკელ დიპლომატთან, დენიელ ფრიდთან ინტერვიუს სრულ ვერსიას „საქართველოს რადიოს“ ეთერში მოისმენთ 20 იანვარს, 14:00 საათზე, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.