დემოკრატმა სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტს, რომელიც „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა
დემოკრატმა სენატორებმა უარყვეს რესპუბლიკელ ტედ კრუზის კანონპროექტი, რომელიც რუსული გაზსადენის მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
პროექტის მიხედვით, შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის ოპერატორი კომპანიისა და სხვა ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან გაზსადენთან. სენატის მიერ პროექტის დამტკიცებას ხუთი კანონმდებლის ხუთი დააკლდა.
პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს დემოკრატმა სენატორებმა, რომელთა განმარტებითაც, ამ ინიციატივას პოლიტიკური შურისძიება უდევს საფუძვლად და პრეზიდენტ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის ადმინისტრაციამაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი თქვა, რადგან გერმანიასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურდა.
ამასთან, დემოკრატებმა სენატში შეიტანეს საკუთარი პროექტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, სანქციები ვლადიმერ პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესდება. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არაერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაზსადენში ბუნებრივი აირი არ გაივლის.
დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების უთანხმოების მიუხედავად, რომელიც ტედ კრუზის ინიციატივას ეხება, მათი უმრავლესობა რუსული გაზსადენის წინაააღმდეგია და თანხმდება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღია ევროპაზე ზეგავლენის მოსახდენად.