„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მიიჩნევს, რომ პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა, რაც გავლენას ახდენს კონკურსის საბოლოო შედეგებზე და, რომ არა აღნიშნული დარღვევები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე სხვა კანდიდატები იქნებოდნენ წარდგენილი.

„კანდიდატებთან გასაუბრების სხდომებს წარმართავდა და ამავე პერიოდში საბჭოს მიერ მიღებულ რიგ გადაწყვეტილებებს ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი. აღნიშნული გარემოება, თავისთავად წარმოადგენს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველს.

გასაუბრების მთელი პროცესის განმავლობაში საბჭოს ცალკეული წევრები ავლენდნენ კანდიდატების მიმართ არათანაბარ მიდგომებს, რაც მიანიშნებდა კანდიდატების არაობიექტურ, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების უგულებელყოფით შეფასებაზე.

საბჭოს ცალკეული წევრების ობიექტურობას გამორიცხავს რიგ შემთხვევებში დაფიქსირებული მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, რომლებიც საბჭოს მიერ არ იქნა თავიდან აცილებული.

საბჭოს მოსამართლე და რამდენიმე არამოსამართლე წევრი გამუდმებით ავლენდნენ კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ დაბალ ინტერესს, გამოხატავდნენ აგრესიას კითხვების დასმის და ორი არამოსამართლე წევრის აქტიურობის მიმართ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათთვის გასაუბრების შედეგებს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა კანდიდატების საბოლოო შეფასებისთვის.

გასაუბრების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა შეუძლებელია კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებით, ვინაიდან აღნიშნული პროცედურები არ ითვალისწინებს კანდიდატების შეფასების/ნომინირების დასაბუთებას, ხოლო კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით“, – ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კანდიდატების არაობიექტურად, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კონსტიტუციური კრიტერიუმების უგულებელყოფით ნომინირების საქმეში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ხარვეზიანი კონკურსის პროცედურა, რომელიც არასაკმარისად შემზღუდველია და საბჭოს უტოვებს შესაძლებლობას, კანდიდატები სუბიექტური შეხედულებისამებრ შეარჩიოს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ შესაძლებლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსაკუთრებით აძლევს ის გარემოებები, რომ საბჭოს წევრებს არ უწევთ დაასაბუთონ კანდიდატების ქულებით შეფასება, ხოლო ნომინირების გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ შეფასების შედეგების მხედველობაში მიღების გარეშე.

„შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კონკრეტული 20 კანდიდატის ნომინირების შესახებ არ დაეფუძნა კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კონსტიტუციურ კრიტერიუმებს და პარლამენტში ნომინირებული არიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებული ვიწრო გავლენიანი ჯგუფისთვის არიან მისაღები. მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში საჯარო მოსმენის შედეგად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაშვებული დარღვევები და მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები ვერ გამოსწორდება, რის გამოც პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები.

შესაბამისად, ერთადერთი კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება საქართველოს პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით მიიღოს არის – არ აირჩიოს ისინი. ყველა სხვა გადაწყვეტილება, რამდენად გამჭვირვალე პროცედურითაც არ უნდა იყოს ის მიღებულია და ვერ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი