თელავში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა
თელავში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

თელავში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა დიასპორის წარმომადგენლების მხარდამჭერ პროგრამებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა.

გაიმართა დისტანციური სწავლების პლატფორმის – „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია. თამარ მახარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პლატფორმაზე 70-ზე მეტი ქვეყნის 3100-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.

„კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

აღინიშნა, რომ ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა და გაძლიერება აუცილებელია, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებს საკუთარი ენისა და კულტურის შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების საკითხზე იმსჯელა.

სხდომაზე კომიტეტის მიერ ჩატარებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში კონფერენციის – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ –  ფარგლებში შემუშავებული ანგარიში და მასში ასახული რეკომენდაციები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ეკა სეფაშვილმა წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეკომენდაციების აღსრულება აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.