აშშ-ის კონგრესში იძიებენ, ხომ არ ცდილობდა თეთრი სახლი კიევის იძულებას, ჩაეტარებინა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება 2020 წლის არჩევნებისთვის ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არკვევენ, ხომ არ ცდილობდა თეთრი სახლი კიევის იძულებას, ჩაეტარებინა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება 2020 წლის არჩევნებისთვის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად. შესაბამის გამოძიებას კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტი აწარმოებს.
კერძოდ, ისინი იძიებენ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ქმედებების კანონიერებას.
ერთობლივი გამოძიების ინიციატორები არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი და ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი.
გამოძიების დაწყების შესახებ წერილი სამი კომიტეტის თავმჯდომარეებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს გაუგზავნეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან ითხოვენ დოკუმენტების წარდგენას, რომლებსაც კავშირი აქვთ დონალდ ტრამპისა და მისი ადვოკატის მხრიდან უკრაინის იუსტიციის სისტემით მანიპულირების მცდელობებთან, საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობის მოპოვებისა და პოტენციური პოლიტიკური მეტოქის დაზარალების მიზნით. დოკუმენტებს შორის სამი კომიტეტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ტექსტის წარდგენას ითხოვენ.
კონგრესმენები აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლოს დონალდ ტრამპი უკრაინას კონგრესის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. კანონმდებლებს აინტერესებთ, ხომ არ იყენებდა პრეზიდენტი დახმარებას, რომ უკრაინის მთავრობისთვის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ჩატარება აეძულებინა.
წარმომადაგენელთა პალატის კომიტეტებმა თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტების წარსადგენად ვადა 16 სექტემბრამდე მისცეს.
2019 წლის 9 მაისს გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ დონალდ ტრამპის პირადი იურისტი რუდი ჯილიანი კიევში გამგზავრებასა და ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უკრაინული სანავთობო კომპანია „ბურისმასთან“ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის კავშირი უნდა ყოფილიყო. ჰანტერ ბაიდენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. დონალდ ტრამპის გუნდი დაინტერესებული იყო, ხომ არ წარმოადგენდა ეს ინტერესთა კონფლიქტს, კერძოდ, ხომ არ ასრულებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი როლს უკრაინაში თავისი შვილის ბიზნესინტერესების ხელშეწყობაში.
მაისში უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმიანობაში უკანონო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ჰანტერ ბაიდენი „ბურისმა ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს წევრი უკრაინაში მამის ვიზიტის შემდეგ, 2014 წელს გახდა.