დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელებს განცხადებით მიმართეს
დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელებს განცხადებით მიმართეს

დემოკრატებმა აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატაში Facebook-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელებს განცხადებით მიმართეს. ისინი სოციალური ქსელებისგან „რუსული ბოტების“ ქმედებების გამოძიებას ითხოვენ.

განცხადებას, რომელიც მარკ ცუკერბერგისა და ჯეკ დორსის სახელზეა მომზადებული, ხელს სენატორი დაიენ ფაინსტაინი და კონგრესმენი ადამ შიფი აწერენ.

დემოკრატები სოციალური ქსელებისგან ითხოვენ ინფორმაციას იმის შესახებ, იყო თუ არა გააქტიურებული მსგავსი ანგარიშები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და რამდენი მსგავსი ბოტის გამოვლენა მოხერხდა.

მანამდე Facebook-ში დაადგინეს, რომ 80 ათასი Facebook ჩანაწერის უკან რუსი გავლენიანი პირები დგანან. ამ პოსტების წაკითხვაზე კი ხელი 126 მილიონ ამერიკელს მიუწვდებოდა. რამდენად შეეძლო ამას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა, ამაზე Facebook-ში არ საუბრობენ.

აშშ-ის კონგრესი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლის შესახებ. ანალოგიური შინაარსის გამოძიებას ხელმძღვანელობს სპეცპროკურორი რობერტ მიულერიც.
რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას მათი მხრიდან რაიმე სახის ჩარევას ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს.