დემოკრატებმა დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი დასაკითხად დაიბარეს
დემოკრატებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი დასაკითხად დაიბარეს. ეს განცხადება სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში კონგრესში გამოძახებულია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი მიკ მალვეინი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი.
შეგახსენებთ, დემოკრატების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა 18 დეკემბერსაა დაგეგმილი. თუ იმპიჩმენტს მხარს წარმომადგენელთა პალატის წევრთა უმრავლესობა დაუჭერს, მაშინ პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
დემოკრატები ტრამპს ძალაუფლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში სდებენ ბრალს. კერძოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა სცადა, რათა ამ უკანასკნელს, დემოკრატი კანდიდატის და აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ უკრაინაში გამოძიება დაეწყო.
თავად ტრამპი ბრალდებად უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.