„დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა
სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უჩა ძოძუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.
როგორც უჩა ძოძუაშვილი წერს, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
„მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა. ვფიქრობ, რომ პროექტს, რომელიც მაქვს მომზადებული, ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას ექვს-შვიდ თვეში წარვუდგენ დაინტერესებულ მხარეებს. წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს, გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით, თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით. წარმატებები, რომლებსაც „დელტამ“ მიაღწია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიამაყის საგანიც არაერთხელ გამხდარა. მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, „დიდგორი მეომარის“ ჰოლივუდის ფილმ fast and furious 9-ში გადაღება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვა, ქართული საბანკო სექტორისთვის საინკასაციო დანიშნულების ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვა. იმედი მაქვს, ჩემი პირადი პროექტებიც ასეთივე ინტერესისა და სიამაყის საგანი გახდება“, – წერს უჩა ძოძუაშვილი.
ამასთან „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დიდი პატივია „დელტაში“ გატარებული შვიდი წელი.
უჩა ძოძუაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ძოძუაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.