“დელტა“ - ქართული შეიარაღების ექსპორტზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს
2018 წლის მდგომარეობით, ქართული შეიარაღების ექსპორტზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
სსსტც „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, ცენტრი 2017 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე, ასევე, დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად, 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე.
„დელტას შესაბამისი გუნდი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე, გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი“, – განაცხადა ძოძუაშვილმა.
მისი თქმით, დიდ დაინტერესებას იწვევს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ამ მხირვ, სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფის გამგზავრება უკვე იგეგმება.
“დელტა აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად, მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე. ასევე, ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ინდივიდუალური შეიარაღების მიმართულებებითაც“, – განაცხადა „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ცენტრში კადრების შენარჩუნების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნით.