დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას შეუერთდნენ
დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას შეუერთდნენ

ევროკავშირი მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, შეუერთდნენ ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში. ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტი დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარდა.

„პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, მოვუწოდებთ მათ სწრაფი და მდგრადი პროგრესისკენ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მიმართულებით, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ჩათვლით. მივესალმებით დასავლეთ ბალკანეთის იმ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ერთგულებას ამ მიმართულებით, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებით. მოვუწოდებთ მათ, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, მიბაძონ მაგალითს“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ევროპულ და გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს, ხაზს უსვამს ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

ევროკავშირი ადასტურებს სრულ და ურყევ ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი და, რეფორმებისა და დამსახურების პრინციპის საფუძველზე, პარტნიორების გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.