დეკანოზი გიორგი კიკვიძე - ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას
დეკანოზი გიორგი კიკვიძე - ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას

ეკლესიას არც ბერკეტი და არც რაიმე საშუალება აქვს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე შესაძლო ექსცესების შესახებ საუბრისას განაცხადა.

დეკანოზის თქმით, ღრმად არის დარწმუნებული, რომ საქართველს სახელმწიფო დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას.

„ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ძალადობა არის ძალიან მძიმე ცოდვა, იქნება ეს სიტყვიერი ძალადობა, თუ ფიზიკური ძალადობა. რაც შეეხება ექსცესებს, რომელიც შესაძლოა განვითარდეს, ამისგან ვერავინ ვერ ვიქნებით დაზღვეული. ჩვენ ხშირად ეკლესიისგან ვითხოვთ იმას, რაც აბსოლუტურად სცილდება მის კომპეტენციას. ეკლესიის მისია არის ღვთის სიტყვის ქადაგება და მასთან შეთავსებული სოციალური მსახურება. ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის ყველა მისი წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ისევე როგორც მისი სულის ცხონებაზე ზრუნვა, უპირველესი მოვალეობაა, მაგრამ ეკლესიას არც ბერკეტი გააჩნია ამისათვის და არც რაიმე საშუალებას ფლობს, რომ ადამიანების ფიზიკური დაცვა უზრუნველყოს. ეს, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს კომპეტენციაა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველს სახელმწიფო დაიცავს მისი ყველა მოქალაქის, აბსოლუტურად ყველა მოქალაქის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებებს“, – განაცხადა დეკანოზმა.

რაც შეეხება მომღერლებს, რომლებმაც უარი განაცხადეს 17 მაისს კონცერტში მონაწილეობაზე, დეკანოზი განმარტავს, რომ ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება და მათი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება მიუღებელია.