დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მრევლის ნაწილი წირვას ტაძრების ეზოებში დაესწრება და მსახურებაში მონაწილეობასა და ზიარებაზე დაბრკოლება არ ექნება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მრევლის ნაწილი წირვას ტაძრების ეზოებში დაესწრება და მსახურებაში მონაწილეობასა და ზიარებაზე დაბრკოლება არ ექნება

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დაწესებული შეზღუდვების მიზანი ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაა.

​„10-კაციანი შეკრებების ნებართვა არის. ამ რეჟიმში გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. ჩვენ შევეცადეთ, რომ მიგვეღო უფრო დაწვრილებით განმარტებები. პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა დღეს საპატრიარქოში და მოისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების ეს პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია. არ ვცილდებით ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ ტაძარში და მცირე ზომის ტაძარში ადამიანების დგომის ერთნაირი რაოდენობა არ არის აუცილებლობა, არამედ ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის, რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა სხვა ქვეყნების გამოცდილება.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ ვხედავთ, რომ მძიმე მდგომარეობაშია ბევრი სხვა ქვეყანა და იქ მომხდარი ეს აფეთქება გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. თუკი არ ეწინააღმდეგება ღვთისმსახურებას რაიმე რეკომენდაცია, თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე დღესასწაულის აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე და ერთმანეთზე ზრუნვისათვის გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად. თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეული იქნას, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მთელი დიდმარხვის პერიოდს სხვადასხვა დღესასწაული ემთხვევა და სრულდება შესაბამისი მსახურებები.

„საუბარი იმაზე, რომ დღესასწაულებზე შეიძლება, იყოს ბევრი ხალხი, მთელი აღდგომის მარხვის პერიოდი არის სხვადასხვა დღესასწაული და მსახურება, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება სრულდება, ხარება, ბზობა და ა.შ. როგორც იყო ნათქვამი სინოდის გადაწყვეტილებაში, შესაძლებელია, ტაძრების რატიფიცირება მოხდეს და ნაწილი მრევლისა მოახერხებს დადგომას უშუალოდ ტაძართან, ეზოშივე მოისმენს ამ მსახურებას და არ ექნება დაბრკოლება არც ზიარების მიღებაში და არც მსახურებაში მონაწილეობაში“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა.

„როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, გვაქვს ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალიწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი“, – დასძინა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.