დეკანოზი ალექსანდრე გალდავა - გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება
გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ოჯახში სიწმინდის დღე აღინიშნება და ეკლესია ადამიანებს მოუწოდებს, მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს.
„დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეა. ეს მშობლების პატივისცემისა და ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის კეთდება. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრისკენ იგეგმება, სადაც მისი უწმინდესობა პარაკლისს მრევლთან ერთად გადაიხდის. ღონისძიება კონცერტით დასრულდება. ვიცი, რომ „სუხიშვილებმა“ და „ერისიონმა“ კონცერტში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოხატეს.
ვისაც რა უნდა, ის იდღესასწაულოს. ჩვენი დღესასწაულები ხშირად ემთხვევა ვთქვათ, ებრაულ და მუსულმანურ დღესასწაულებს. 17 მაისი ჰოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს ნაწილში, ცივილურ სამყაროში ლგბტ თემის აღლუმებია, რომელიც, ალბათ ყველა დამეთანხმებით, ლამაზი სანახავი არ არის, არც თავისი ფორმით და არც შინაარსით. აღლუმებში ბავშვებიც მონაწილეობენ და აღვირახსნილ ურთიერთობებს, რომელიც მათ აქვთ, საზოგადოების წინაშე დემონსტრირებას ახდენენ. თუმცა ეს მათი პრობლემაა და მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე გააკეთონ.
საქართველოში არის ეკლესია და არის ხალხი. ეკლესია ხალხს მოუწოდებს, რომ მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს. იმისთვის კი არ იბრძვი, რომ ლგბტ თემი არ გაძლიერდეს, არამედ შენ იბრძვი იმისთვის, რომ სიკეთე წარმოაჩინო. ადამიანს, რომ მიუთითო, რა არის კარგი.
17 მაისის გარეშე, რასაც ვუყურებ, ლგბტ თემი სრულიად უსაფრთხოდ ცხოვრობს. თუ უხერხულ ქმედებებს საჯაროდ, ქუჩაში არ დაიწყებენ ან ვიღაცას თავს არ მოაბეზრებენ თავისი გამოხდომებით.
გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება. რაც უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ, ჩვენ არსზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, მათ ვითომ გამოხატვის თავისუფლების მიცემა სჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე არის ის, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები უნდა დაკანონდეს და შემდეგი ეტაპია, რომ ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეთ. განა ისინი ფლეშმობის გაკეთებაზე ჩერდებიან და მეტს არაფერს ითხოვენ საქართველოს სახელმწიფოსგან?“ – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.
ამასთან, დეკანოზმა ისაუბრა 18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქ თემის მიერ დაგეგმილ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებზე.
„ეკლესია მათ მოუწოდებს, რომ გონს მოვიდნენ, მათი ეს მდგომარეობა საამაყო და ღირსებასთან დაკავშირებული საერთოდ არ არის. ღირსება სხვა რამეა. ღირსება ღვთაებრივი მოცემულობაა, რომელიც ადამიანს ეძლევა. როგორც კი ამ მოცემულობაზე უარს ამბობ, იქ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია. ადამიანის უმთავრესი ღირსება სქესია და როცა შენ სქესზე უარს ამბობ, შენი ღირსება ცოტა კნინდება. იდენტობა 3 წლიდან ყალიბდება. 3 წლის ბავშვი სამყაროში აღმოაჩენს თავს, კაცი ვარ თუ ქალი ვარ. თუ ამ იდენტობას 3 წლის ასაკში უშლი და მის გაზრდას ნეიტრალურად აპირებ, მაშინ მას ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნება. გარკვეული წლების შემდეგ, ადამიანი თავს კიდევ ამოწმებს და თავის იდენტობაში უფრო მტკიცდება.
რელიგია იმ ბუნებრიობაზე ლაპარაკობს, რომელიც ღმერთმა შექმნა და ამ ბუნებრიობას არ უნდა გაექცე. ივნისში დაგეგმილი ლგბტქ თემის კვირეულთან დაკავშირებით ჩემი ხმა საპატრიარქოს ხმა არ არის. საპატრიარქო ოფიციალური სტრუქტურაა. მე მღვდელმსახური ვარ, რომელსაც შემიძლია, ეკლესიის დამოკიდებულებაზე და სწავლებაზე ზოგადად ვილაპარაკო. „თბილისი პრაიდზე“ ლევან ვასაძე რას ფიქრობს და რას გეგმავს, მას უნდა ჰკითხოთ. ეკლესიის შეფასება ერთმნიშვნელოვანია. საპატრიარქომ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ყველას, ვისაც ძალადობით გინდათ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატოთ, ნუ შემოგვიერთდებით, ვინც არ უნდა იყოს ის. მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ თუ ჩხუბი და ორომტრიალი გინდათ, ჩვენთან ერთად ნუ იქნებით“, – აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.