დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა - პრეზიდენტმა საპატრიარქოსა და მთავრობისგან ზეწოლას ვერ გაუძლო
პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელსაც საპატრიარქოსგან და მთავრობისგან განიცდის,- ასე შეაფასა დეკანოზ გიორგი მამალაძის მამამ, ავთო მამალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება.
ავთო მამალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებით უკმაყოფილო დარჩა.
„პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელსაც განიცდის საპატრიარქოსგან და მთავრობისგან. სინოდი არაფერს წარმოადგენს, დადგეს სპექტაკლი, რომ მოითხოვდნენ შეწყალებას და შემდეგ მოხდებოდა ზეწოლა, რომ არ შეეწყალებინა. ჯერ ვერაფერს გეტყვით, რა უნდა ვქნათ, პროტესტი გაგრძელდება“ ,- განაცხადა დეკანოზის მამამ, ავთო მამალაძემ.
როგორც ოჯახი აცხადებს, დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს სამჯერ მიმართეს.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.
შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.
მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.