დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრეს 
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრეს 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატები ითხოვენ, გაუქმდეს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში ცნეს დამნაშავედ.

„სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპზე, რომ უზენაეს სასამართლოში დაგვჭირდა საკასაციო წესით გასაჩივრება. ჯერ გვსურს, რომ მიიღოს საქმე წარმოებაში და დანიშნოს ზეპირი განხილვა, რომ გითხრათ მოლოდინით და იმედით ვართ-თქო, ასე ნამდვილად არ არის. პირველი და მეორე ინსტანცია მოექცა გავლენის ქვეშ ამ საქმეზე. ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის, არ გვაქვს ქართული მართლმსაჯულების იმედი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

თავდაპირველად, დეკანოზს ბრალად ედებოდა მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება. საქალაქო სასამართლომ წარდგენილი მოტივი შეცვალა და დეკანოზს შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყეტილება ძალაში დატოვა.