დედაქალაქში ტაქსით გადაყვანაზე ნებართვას თბილისის მერია გასცემს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.
ცვლილებების მიხედვით, თბილისის მერიას უფლებამოსილება ენიჭება ტაქსით გადაყვანაზე ნებართვის გაცემის პირობები დაადგინოს და დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს წარუდგინოს. ასევე, პროექტით, მერიას უფლება ეძლევა საკრებულოს დასამტკიცებლად დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ის ჩამონათვალი წარუდგინოს, სადაც ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მერია თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგენს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატვირთო ავტომობილის, ან სატრანსპორტო საშუალებით პირისთვის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით საქონლის მიწოდება/ტრანსპორტებისთვის განსაზღვრული ადგილის ან დროის შესახებ წესს.
„ცვლილებების მიზანია, საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა““, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.