დედაქალაქში ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაცია დაიწყო
დედაქალაქში ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაცია დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს. პროექტი შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, დღეიდან ასევე, შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავება დაიწყო. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„აქტიურად ვმუშაობთ საპილოტე პროექტის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე. საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის დაწყებამდე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და აღნიშნული  პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. ასევე, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები.

ამასთან, „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.