თემურ ბოლოთაშვილი - თუ მშენებლობა არაა დაწყებული, ნებართვის ვადის გაგრძელების მოთხოვნას არ ვაკმაყოფილებთ
მშენებლობის ნებართვის ვადის გაშვების შემთხვევაში, შესაბამისი სანქციები არსებობს, ხოლო მისი გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მერიას ვალდებულება, მშენებლობის დასრულების ვადის დაცვა მოითხოვოს, თემურ ბოლოთაშვილმა აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობები განისაზღვრება, რაც მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადასაც მოიცავს, თუმცა, ხშირად, ვადების დაცვა არ ხდება.
„არის შემთხვევები, როცა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან ვთქვათ, 2–3 წელი გავიდა, კომპანიას არანაირი სამშენებლო სამუშაო არ განუხორციელებია, მშენებლობის ნებართვას ვადა გასდის და ინვესტორი ვადის გაგრძელებას რამდენიმეჯერ გვთხოვს, რასაც არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა თემურ ბოლოთაშვილმა.
თემურ ბოლოთაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ, სამშენებლო სამართლის ლექტორს, უჩა ზაქაშვილსაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 24 მაისის შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონაში კ2 კოეფიციენტის ზრდის აკრძალვის მიუხედავად, ნუცუბიძის 49–ში და შარტავას ქუჩაზე კოეფიციენტი მაინც გაიზარდა.
„ნუცუბიძის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, იქ კოეფიციენტის გადამეტება სავსებით შესაძლებელი იყო. რაც შეეხება შარტავას ქუჩას, ვვარაუდობ, რომ იქ შეჩერებული მშენებლობა იყო. თქვენ იცით, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებოდა სპეციალური კომისია, რომელიც შეჩერებული მშენებლობების საკითხს განიხილავდა და შესაბამის რეკომენდაციებს იძლეოდა, რაც კოეფიციენტის გადამეტების საკითხის განხილვისას, მერისთვის ფაქტობრივად, მწვანე შუქად ითვლებოდა“, – განაცხადა ბოლოთაშვილმა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში კონკრეტული შეზღუდვების პაკეტზე მუშაობს, რაც კოეფიციენტის გადამეტების, თუ დასაბუთების ხარისხის გაზრდას დაარეგულირებს.