დედაქალაქის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს
დედაქალაქის მერია 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. ამის შესახებ აღნიშნულია დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, აღნიშნულით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის ერთსაათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს ცხრა ვიზიტს. მომსახურების მიღება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში შეეძლებათ.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე. მოსარგებლეებმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა წარუდგინონ: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი; ცნობა, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან რეგისტრაციის ადგილის შესახებ; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).
მოსარგებლეებს აქვთ მომსახურების მიმწოდებლის საცურაო აუზის ან/და ფიტნეს დარბაზის თავისუფალი არჩევის საშუალება.