მკვლევართა აზრით, ამ დრომდე აღმოჩენილ ეგზოპლანეტებს შორის, სულ მცირე ორი, დედამიწის მსგავსი უნდა იყოს, ძირითადად კლიმატის თვალსაზრისით. კეპლერ-186f მზის სისტემის მიღმა აღმოჩენილი პირველი დედამიწის ზომის პლანეტაა, რომელიც თავის დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის ვარსკვლავისგან იგი ისეთი მანძილით არის დაშორებული, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა.
გამოცემა Astronomical Journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ფარგლებში, კეპლერ-186f-ის ღერძის გარშემო ბრუნვის დინამიკის ანალიზისთვის, მკვლევრებმა სიმულაციები გამოიყენეს.
სწორედ ეს დინამიკა განსაზღვრავს, თუ რამდენად არის პლანეტა დახრილი თავის ღერძისადმი და რამდენად იცვლება ამ დახრილობის კუთხე დროთა განმავლობაში. ღერძისადმი დახრილობა განაპირობებს სეზონებსა და კლიმატს, რადგან ამ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორ ეცემა ვარსკვლავის სინათლე პლანეტის ზედაპირს.
მკვლევართა ვარაუდით, კეპლერ-186f-ის ღერძისადმი დახრილობა დედამიწის მსგავსად, ძალიან სტაბილურია, რაც სავარაუდოს ხდის, რომ ამ პლანეტაზე არსებობს რეგულარული სეზონები და სტაბილური კლიმატი. გარდა ამისა, მეცნიერთა აზრით, ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა კეპლერ-62f-ზეც, რომელიც სუპერდედამიწის ტიპის პლანეტაა და გარს უვლის ჩვენგან 1200 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს.
არასტაბილური მარსი
რამდენად მნიშვნელოვანია ღერძისადმი დახრილობა კლიმატისთვის? მკვლევართა აზრით, შესაძლოა, სწორედ მისი დიდი ცვალებადობა გახდა იმის მიზეზი, რომ მილიარდობით წლის წინ, მარსის წყლიანი ლანდშაფტი იმ უდაბნოდ იქცა, რომელსაც დღეს იქ ვხედავთ.
„მარსი მზის სისტემის სასიცოცხლო ზონაშია, მაგრამ ძალიან არასტაბილური იყო მისი ღერძისადმი დახრილობა — იცვლებოდა 0-დან 60 გრადუსამდე“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ასისტენტ-პროფესორი გონგჯი ლი.
მისი თქმით, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ არასტაბილურობამ ითამაშა ძირითადი როლი მარსის ატმოსფეროს დაშლასა და ზედაპირის წყლის აორთქლებაში.
შედარებისათვის, დედამიწის ღერძისადმი დახრილობა გაცილებით მოკრძალებულად მერყეობს, 22,1-24,5 გრადუსებს შორის. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ყოველ 10 000 წელიწადში ერთხელ გადადის.
დედავარსკვლავის გარშემო პლანეტის ორბიტის ორიენტაციის კუთხის წარმოქმნა ხდება რყევებით, რომლებსაც განაპირობებს გრავიტაციული ურთიერთქმედება ამავე სისტემის სხვა პლანეტებთან. თუკი ორბიტა ზუსტად იმავე სიჩქარით ირყევა, რითაც პლანეტის ღერძისადმი დახრილობა, წინ და უკან რხევას ეს უკანსაკნელიც დაიწყებს, ზოგჯერ დრამატულად.
მარსი და დედამიწა ერთმანეთთან ძლიერ ურთიერთქმედებენ, ისევე როგორც ვენერასთან და მერკურისთან. შედეგად, მათი ღერძისადმი დახრილობა პრეცესირებს იგივე მაჩვენებლით, რითაც ორბიტული რხევა, რამაც შეიძლება, მათ ღერძულ დახრილობაში დიდი სხვაობები გამოიწვიოს.
რაც შეეხება მთვარეებს?
საბედნიეროდ, მთვარეს მუდმივ კონტროლზე ჰყავს დედამიწის ვარიაციები. მთვარე ზრდის ჩვენი პლანეტის ღერძული დახრილობის მაჩვენებლის სიზუსტეს და განასხვავებს ორბიტული რყევის მაჩვენებლისგან. მეორე მხრივ, მარსს არ ჰყავს იმხელა ბუნებრივი თანამგზავრი, რომ მისი ღერძული დახრილობა დაასტაბილუროს.
„როგორც ჩანს ეს ორივე ეგზოპლანეტა ძალიან განსხვავდება დედამიწისა და მარსისგან, რადგან მათ სუსტი ურთიერთქმედება აქვთ თავიანთ და-ძმა პლანეტებთან“, — ამბობს ლი.
მისი თქმით, უცნობია, ფლობენ თუ არა ისინი მთვარეებს, მაგრამ როგორც გათვლები აჩვენებს, ბუნებრივი თანამგზავრების გარეშეც კი, კეპლერ-186f-ისა და 62f-ის ღერძული დახრილობა უცვლელი უნდა იყოს ათობით მილიონი წლის განმავლობაში.
კეპლერ-186f-ის რადიუსი დედამიწისაზე 10 პროცენტით მეტია, მაგრამ იდუმალებითაა მოცული მისი მასა, შემადგენლობა და სიმკვრივე. თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 130 დღეში ერთხელ.
NASA-ს მონაცემებით, შუადღისას, კეპლერ-186f-ზე მისი ვარსკვლავის სიკაშკაშე ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორც დედამიწაზე მზის ჩასვლისასაა.
კეპლერ-186f მდებარეობს გედის თანავარსკვლავედში, ხუთპლანეტიან ვარსკვლავურ სისტემაში.
მიიჩნეოდა, რომ კეპლერ-62f იყო ეგზოპლანეტა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა დედამიწას, მაგრამ ყველაფერი 2014 წელს შეიცვალა, როცა კეპლერ-186f აღმოაჩინეს. იგი ჩვენს პლანეტაზე 40 პროცენტით დიდია და სავარაუდოდ, არის კლდოვანი ან ოკეანით დაფარული.
მდებარეობს ქნარის თანავარსკვლავედში. მის დედავარსკვლავს კიდევ სხვა 4 პლანეტა ჰყავს, თუმცა ის ორბიტაზე ყველაზე გარეთ მოძრაობს.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ნამდვილად არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ ამ პლანეტბზე არის წყალი, რომ აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლეზე. თუმცა, ორივე მათგანი შედარებით კარგი კანდიდატია.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მათი ნაშრომი პირველია, რომელმაც ეგზოპლანეტების კლიმატის სტაბილურობის შესწავლა სცადა.
„ვფიქრობ, სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ჯერ იმდენი არაფერი ვიცით, რომ მისი არსებობა გამოვრიცხოთ არარეგულარული სეზონების მქონე პლანეტებზე. დედამიწაზეც კი, სიცოცხლე განსაკუთრებულად მრავალფეროვანია და წარმოუდგენლად მდგრადია განსაკუთრებით სასტიკი გარემოს მიმართ“, — ამბობს ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკის ასისტენტ-პროფესორი გონგჯი ლი.
მომზადებულია Georgia Tech-ის მიხედვით.