დედამიწიდან მეთანის გაჟონვაზე მთვარეს უცნაური, უხილავი ეფექტი აქვს — #1tvმეცნიერება
გარემოდან მეთანი ჟონავს და ადამიანის საქმიანობა სათბურის აირების სერიოზულ პრობლემას იწვევს. სითბოს ჩაჭერის თვალსაზრისით, მეთანი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ნახშირორჟანგი და მეცნიერებმა ახლა უკვე დაადგინეს, რომ გარემოდან ამ აირის გაჟონვის რაოდენობაში საკვანძო როლს მთვარე თამაშობს.
საქმე ეხება იმ მიზიდვისა და განზიდვის ეფექტს, რასაც მთვარის გრავიტაცია ახდენს — ფენომენი, რომლის რაოდენობრივი შეფასებაც შესაძლებელია. ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მკვლევრებმა ოთხი დღე-ღამის განმავლობაში მოათავსეს ხელსაწყო, სახელად პიეზომეტრი, რომლის საშუალებითაც გაზომეს ტემპერატურისა და წნევის ცვლილება დროთა განმავლობაში.
აღმოჩნდა, რომ ოკეანის მიქცევა-მოქცევასთან ერთად, ზღვის ფსკერის სიახლოვეს მეთანის დონე იწევდა და იკლებდა, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, როდესაც საქმე მეთანის გამოყოფას ეხება; ამავე დროს, ის გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
„შევნიშნეთ, რომ გაზის აკუმულაცია ზღვის ფსკერიდან ერთი მეტრის სიმაღლემდე, მგრძნობიარეა წყლის სვეტში წნევის ოდნავი ცვლილების მიმართაც კი. დაბალი მოქცევა ნიშნავს ნაკლებ ასეთ ჰიდროსტატიკურ წნევას და მეთანის უფრო ძლიერ გამოყოფას, მაღალი მოქცევა კი მაღალ წნევას და მეთანის დაბალი ინტენსივობით გამოყოფას“, — ამბობს ნორვეგიის ქალაქ ტრომსეს უნივერსიტეტის საზღვაო გეოფიზიკოსი ანდრეია პლაზა-ფავორელა.
ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მეთანის გამოყოფა უკვე ათასობით წელიწადია მიმდინარეობს და გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიც არის სეისმური და ვულკანური აქტივობა; თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმ სხვა მექანიზმების შესახებ, რომლებიც მეთანის გაჟონვას იწვევს და მის დონეზე მოქმედებს.
სწორედ აქ ერთვება საქმეში მთვარე და მიქცევა-მოქცევა. მკვლევართა განცხადებით, მიქცევა-მოქცევით შეიძლება გავაკეთოთ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში დღიდან-დღემდე აირის გამოყოფის რაოდენობის პროგნოზირებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიქცევა-მოქცევის სიმაღლეში სხვაობა ერთ მეტრზე ნაკლებია.
ერთ-ერთი საკვანძო ფაქტი ის არის, რომ ზღვის ფსკერიდან გამოყოფილი გაზი უფრო მეტია, ვიდრე ამას ტრადიციული ჰიდროლოკატორული კვლევის მონაცემები აჩვენებს. შესაბამისად, შეიძლება არასწორად ვაფასებდით ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან მოცემული მომენტისთვის გაჟონილი გაზის რაოდენობას, მაშინაც კი, თუ ის ერთდროულად არ გამოიყოფა.
„დედამიწის სისტემები ისეა ურთიერთგადაჯაჭვული, რომ ჩვენ ამას ჯერ კიდევ ვსწავლობთ; ჩვენი კვლევა არქტიკაში მიმდინარე სწორედ ერთ-ერთ ასეთ ურთიერთქმედებას ავლენს“, — ამბობს პლაზა-ფავორელა.
მისივე თქმით, მთვარე მოქცევით ძალებს იწვევს, ეს მოქცევები წარმოშობს წნევისა და ფსკერის დინებათა ცვლილებებს, რაც თავის მხრივ, ფორმას აძლევს ზღვის ფსკერს და გავლენას ახდენს მეთანის წყალქვეშა გამოიყოფაზე.
კვლევა ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ ზღვის დონის მატება შეიძლება შეეწინააღმდეგოს ოკეანიდან მეთანის გამოყოფას, რადგან წყლის მაღალი წნევა გაზს იქ ჩაჭედილს უფრო დიდხანს დატოვებს. ეს სწორედ ერთ-ერთია იმ მრავალი ფაქტორიდან, რომლებსაც მეცნიერები განიხილავენ.
შემდეგ ეტაპზე, მკვლევრებს სურთ, რომ მეტი მონაცემი შეაგროვონ დროის უფრო დიდ შუალედში, რათა იხილონ, როგორ ახდენს მოქცევების ცვლილება მთლიან რეგიონში მეთანის გამოყოფაზე გავლენას. აპირებენ, რომ ასეთი ღრმა წყლების გარდა, შეისწავლონ მოქცევის გავლენა თავთხელ ზონებშიც, სადაც მოქცევათა ცვლილებების ეფექტი გაზის გამოყოფაზე სავარაუდოდ უფრო დიდი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მოქცევითი ცვლილებები მეთანის გამოყოფასთან წარსულშიც დააკავშირეს, კვლევის გეოგრაფიული ადგილი და აღრიცხული წნევის მცირე ცვლილებებიც კი, გადამწყვეტი ახალი ინფორმაციაა კლიმატის სამომავლო ცვლილების მოდელირებისთვის.
„ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ასეთი დაკვირვებები პირველად ჩავატარეთ. შედეგები მიუთითებს, რომ წნევის მცირედ ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს დიდი ოდენობით მეთანის გამოყოფა, რაც მთლიანად ცვლის თამაშის წესებს“, — ამბობს ზღვის გეოლოგი იოხან კნისი.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.