ბოლო 260 მილიონი წლის განმავლობაში დინოზავრები გაჩნდნენ და გადაშენდნენ, პანგეა დღეს არსებულ კონტინენტებად და კუნძულებად დაიყო, ადამიანებმა კი სწრაფად და გამოუსწორებლად შეცვალეს საკუთარი გარემო.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი პლანეტა როგორც ჩანს რიტმულობას ინარჩუნებდა. უძველეს გეოლოგიურ მოვლენათა ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ჩვენს პლანეტას გეოლოგიური აქტივობის ნელი, მტკიცე „გულისცემა“ აქვს ყოველ 27 მილიონ წელიწადში ერთხელ.
ეს პულსები შეჯგუფებულ გეოლოგიურ მოვლენებს ეკუთვნის, მაგალითად, ვულკანურ აქტივობას, მასობრივ გადაშენებებს, ფილების გადაწყობებს და ზღვის დონის მატებებს; ისინი წარმოუდგენლად ნელია — კატასტროფული მოქცევებისა და გადინებების 27-მილიონ წლიანი ციკლი.მკვლევართა ჯგუფი შენიშნავს, რომ ჩვენდა საბედნიეროდ, შემდეგი „პულსი“ 20 მილიონი წლის შემდეგ მოხდება.
„მრავალ გეოლოგს სჯერა, რომ დროთა განმავლობაში გეოლოგიური მოვლენები შემთხვევითია, მაგრამ ჩვენი კვლევა გვაძლევს ჩვეულებრივი ციკლის სტატისტიკურ მტკიცებულებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გეოლოგიური მოვლენები კორელაციაშია და შემთხვევითი არ არის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი მაიკლ რამპინო.
გასული 260 მილიონი წლის განმავლობაში მომხდარი გეოლოგიური მოვლენებიდან, ჯგუფმა 89 კარგად შესწავლილ ასეთ მოვლენას თარიღების ახალი ანალიზები ჩაუტარა.
როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფაზე ხედავთ, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძლიერი იყო — რვაზე მეტი ასეთი მოვლენა გეოლოგიური თვალსაზრისით დროის მცირე შუალედშია შეჯგუფებული და ქმნის კატასტროფულ „პულსს“.
„ეს მოვლენები მოიცავს წყლისა და ხმელეთის სიცოცხლის გადაშენების პერიოდებს, ოკეანეში ჟანგბადის გამოლევის მოვლენებს, კონტინენტების წამლეკავ ბაზალტურ ამოფრქვევებს, ზღვის დონის რხევებს, ფილებს შორის მაგმატიზმის გლობალურ პულსებს და ზღვის ფსკერის გაჭიმვის მაჩვენებლებისა და ფილების გადაწყობათა პერიოდების ცვლილებებს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ გლობალური გეოლოგიური მოვლენები ზოგადად ერთმანეთთან კორელაციაშია და პულსების სახით ხდება დაახლოებით 27,5-მილიონ წლიან ციკლში.
გეოლოგიურ მოვლენათა პოტენციურ ციკლს გეოლოგები უკვე დიდი ხანია იკვლევენ. 1920-30-იან წლებში, მაშინდელი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ გეოლოგიურ ჩანაწერს 30-მილიონ წლიანი ციკლი ჰქონდა; 1980-90-იან წლებში კი მკვლევრებმა იმ დროისათვის საუკეთესოდ დათარიღებული გეოლოგიური მოვლენების საფუძველზე ივარაუდეს, რომ „პულსებს“ შორის პერიოდი 26,2 – 30,6 მილიონი წელიწადი უნდა ყოფილიყო.
ახლა კი, როგორც ჩანს, ყველაფერი წესრიგშია — 27,5 მილიონი წელი ზუსტად ის არის, რაც მოსალოდნელიც იყო. ამავე ავტორთა მიერ შარშან ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს 27,5-მილიონ წლიანი პერიოდი აღნიშნავს მასობრივ გადაშენებათა მოვლენებსაც.
„კვლევა საკმაოდ კარგია, მაგრამ ვფიქრობ, ამ ფენომენის შესახებ უკეთესი პუბლიკაცია 2018 წელს გამოქვეყნდა 2018 წელს“, — ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტის ტექტონიკის გეოლოგი ალან კოლინსი.
2018 წელს ჩატარებული კვლევის ფარგლებში, სიდნეის უნივერსიტეტის ორმა მკვლევარმა შეისწავლა დედამიწის ნახშირბადის ციკლი და ფილების ტექტონიკა; შედეგად, ისინი ასევე მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ციკლის სიგრძე დაახლოებით 26 მილიონი წელიწადია.
კოლინსის განმარტებით, უახლეს კვლევაში ჯგუფის მიერ შესწავლილი მრავალი მოვლენა მიზეზობრივია, ანუ ერთი პირდაპირ მეორეს იწვევს და შესაბამისად, 89 მოვლენიდან ზოგიერთი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: მაგალითად, ჟანგბადის გამოლევის მოვლენები იწვევს წყალში სიცოცხლის გადაშენებას.
„გამომდინარე აქედან, 26-30-მილიონ წლიანი ციკლურობა რეალური ჩანს და უფრო დიდი პერიოდისთვისაც. ამავე დროს უცნობია, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი“, — ამბობს კოლინსი.
რამპინოსა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული სხვა კვლევა მიუთითებს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს კომეტების დაცემა, ერთ-ერთი მკვლევარი კი დამნაშავედ პლანეტა X-საც მიიჩნევს.
თუმცა, დედამიწას ნამდვილად აქვს „გულისცემა“ და ამის მიზეზი შეიძლება თავად მასში იმალებოდეს.
„ტექტონიკისა და კლიმატის ცვლილების ეს ციკლური პულსები შეიძლება განპირობებული იყოს ფილების ტექტონიკისა და მანტიის ჭავლების დინამიკასთან დაკავშირებული პროცესებით; ასევე შესაძლებელია, ამის მიზეზი იყოს მზის სისტემასა და გალაქტიკაში დედამიწის მოძრაობასთან დაკავშირებული ასტრონომიული ციკლები“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.
კვლევა Geoscience Frontiers-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.