დედაენის ბაღში ქართული კომერციული ავიაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს დედა ენის პარკში ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით ორდღიან ღონისძიებას მართავს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი. ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.
„წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ფიგურანტებით, ფოტოსტენდი, სადაც ,,გავაცოცხლებთ“ ქართველ და იტალიელ მფრინავებს „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, გვექნება პეტრე ოცხელის ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს, გვეყოლებიან ანიმატორები და ა.შ. ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
100 წლის წინ, 1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. Junkers F 13-მა რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, თვითმფრინავს მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.
Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო, როგორც სამგზავრო. ის, ასევე, მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანაა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.
საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში საგრძნობი წვლილი შეიტანეს და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში.
პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. მან 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.
ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.
აშშ-ის ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს – თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.
ქართული ავიაციის განვითარებაში, მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.