დედა-შვილი, რომლებიც ირანში იყვნენ ნამყოფი, ლაგოდეხის პუნქტიდან უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა დედა-შვილი, რომლებიც ირანში იყვნენ ნამყოფი. დედა საქართველოს მოქალაქეა, შვილი კი უკრაინის.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დოკუმენტების ნახვის შემდეგ, მესაზღვრეებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა მათ კარანტინში გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც დედამ უარი განაცხადა და შვილთან ერთად უკან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიბრუნდა.
მათთან ერთად იმყოფებოდა ქალის მეუღლე, რომელიც ცოლ-შვილის დასახვედრად საქართველოდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა, თუმცა, ის ირანში არ იყო ნამყოფი და მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მისცეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს რესპირატორული ინფექციის არანაირი სიმპტომი, მათ შორის, არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდათ, მაგრამ ვინაიდან დედა-შვილის ირანში ყოფნიდან საინკუბაციო პერიოდი გასული არ იყო, მათი საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, კარანტინში მოთავსება იქნებოდა აუცილებელი. რაც შეეხება ქალის მეუღლეს, ის ირანში ნამყოფი არ იყო და არც რაიმე სიმპტომი აღენიშნებოდა.