დედა ენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედა ენის ბაღში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ბაღში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ წიგნების გამოფენა-გაყიდვას და წიგნის პრეზენტაციებს, სადაც ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წარადგენენ. ასევე, შეუძლიათ, ადგილზე, საკუთარი ხელით დაამზადონ ქართული ასო-ნიშნები და 1920 წლის სტამბური კლიშეებით დაბეჭდონ „დედა ენა“.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ ღონისძიებაზე, 17:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება თბილისის შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.
19:00 საათიდან კი დაიწყება დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი – „ანიდან ჰოემდე“.
დღის ბოლომდე ბაღში გამოფენილი იქნება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი – „დედა ენის“ სტამბური კლიშეები, ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, „დედა ენის“ შესახებ დაწერილი რეცენზიები, სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“, ასევე, „ოსმალოს საქართველოს“ და სხვა დოკუმენტების თემაზე შექმნილი ბანერები.
ფოტო: მირიან მელაძე