დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბინების გადაცემისას აქცენტი დევნილ ვეტერანებზე გაკეთდება
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენას ითვალისწინებს, 20 მილიონი ლარით გაიზარდა,- ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტით უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილების საშუალება იქნება.
„კომისიის დღევანდელი სხდომის ამოცანაა, მიმდინარე წლის განმავლობაში შეირჩეს სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე ახორციელებენ საცხოვრებელი ბინების მშენებლობასა და რემონტს იმისათვის, რომ დევნილებისთვის მოხდეს ამ ობიექტების შეძენა. წლის განმავლობაში ბიუჯეტით მხოლოდ 10 მლნ-ის შესაძლებლობა გვქონდა, შემოსავლების გენერირებამ კი, მოგვცა საშუალება, რომ აღნიშნულ პროექტზე 20 მლნ ლარი დამატებულიყო, შესაბამისად, მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, აქცენტი ვეტერან დევნილებზე გაკეთდება, დეველოპერების შერჩევისას კი, რამდენიმე პარამეტრი იქნება გათვალისწინებული.
„სურვილი გვაქვს, დევნილთა საზოგადოებიდან ვეტერან დევნილებზე მეტი აქცენტირება გავაკეთოთ და მეტად შევუწყოთ ასეთ ოჯახებს ხელი, რომ მიიღონ ბინები. შემდეგი სიახლე ამ მხრივ ის არის, რომ ბინების ჩაბარების ბოლო ვადა იქნება 2019 წლის პირველი დეკემბერი, თუმცა უფრო ადრეც დაიწყება ეს ყველაფერი. დეველოპერებთან პირობები იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ობიექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და რა თქმა უნდა, ყველა სანებართვო პირობებს აკმაყოფილებს, ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც გათვალისწინებულია ასეთი ინფრასტრუქტურისათვის“,- განაცხადა სერგეენკომ.
კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა.