ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის  400 ბინას შეისყიდის
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის 400 ბინას შეისყიდის

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისია შეიქმნა. კომისიის პირველ სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. დევნილთათვის ბინების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდება. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება 5 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიამ ასევე დაადგინა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და კონკურსის გამოცხადების ვადები. ამ ეტაპზე, სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის, პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა. 8 ნოემბერს მენაშენეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შედიან.

ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების – „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები.

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2 394 ბინა შეისყიდა.