დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური გახდეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური გახდეს, – ამის შესახებ დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბარნსმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პუტინი შეშფოთებული უნდა იყოს, არა მხოლოდ იმით, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება, არამედ იმით, თუ რა ხდება მის სახლსა და საერთაშორისო დონეზე.
ბარნსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად თებერვალში ჩინეთის მხრიდან გაკეთებული დაპირებისა – „მეგობრობა ლიმიტების გარეშე“, პეკინმა უარი თქვა, შეეთავაზებინა სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც პუტინმა მოითხოვა.
უილიამ ბარნსის თქმით, რუსეთის მზარდმა პრობლემებმა პუტინს მცირე არჩევანი დაუტოვა, რაც მას პოტენციურად უფრო საშიშს ხდის.
„პუტინი შეშფოთებულია. პუტინი, რომელიც კედელთან მიმწყვდელად გრძნობს თავს, შეიძლება, იყოს საკმაოდ სახიფათო და უგუნური“, – აღნიშნა ბარნსმა.