დავით ზურაბაშვილი - პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მასობრივად არ იქნება, რადგან სისტემამ იმუშავა
ფსიქიატრებთან მომართვიანობის რაოდენობა დიდად არ შეცვლილა და არც შემდგომში შეიცვლება, მაგრამ ფსიქოლოგების დატვირთვა ძალიან დიდი იქნება, – ამის შესახებ ფსიქიატრმა, პროფესორმა, დავით ზურაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ შევეცდებით, ფსიქოლოგებს შეძლებისდაგვარად მივეხმაროთ, ჩვენი კომპეტენციის შესაბამისად, მაგრამ მათ დიდი შრომა უნდა გასწიონ. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მასობრივად არ იქნება, რადგან სისტემამ იმუშავა. ერთი და ორი შემთხვევა არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.
ამ განცხადებით დავით ზურაბაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გავლენა მოახდინა „კოვიდ-19“-მა ჩვენს ფსიქიკაზე და გაიზარდა თუ არა ფსიქიატრებთან მიმართვიანობის რაოდენობა.
როგორც დავით ზურაბაშვილმა აღნიშნა, მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, საკუთარ თავში ჩაგვეხედა.
„ასეთი შანსი ხვალ არ გვექნება. მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ამას არ გვასწავლის. ამ ვირუსმა, კარანტინმა, კომენდანტის საათმა და ამ მსოფლიომ მოგვცა საშუალება, ჩავხედოთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და მივხვდეთ, რა არის ჯანმრთელობა. არის მიდგომა – მე ჯანმრთელი ვარ და არ შემეყრება. კი, ბატონო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ და რისთვის უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავზიანდეთ. ჩვენ არც დაზღვევა არ გვინდოდა და გვაიძულებდნენ. ვამბობდით, რაში მჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ თურმე, საჭიროა. არა ის, რომ შენ კომპანიაში ხარ დაზღვეული, არამედ საკუთარი თავის დაზღვევა, ხელის დაბანა იქნება ეს, ქცევის ნორმები, ურთიერთობა თუ სხვა“, – განაცხადა დავით ზურაბაშვილმა.