დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯორჯ კენტთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბოლო პერიოდში უმაღლეს და მაღალ დონეზე კომუნიკაციის ინტენსიფიკაციას. საუბარი შეეხო აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის დინამიკას, ასევე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართონ ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის განსაკუთრებულ როლს და ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს USAID-ის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში გაწეული დახმარებისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მაღალი შეფასება.
აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში, ეს გახლავთ ჯორჯ კენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ჯორჯ კენტი შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.