დავით ზალკალიანმა კოფი ანანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის კოფი ანანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაერო-ს საქართველოს წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კოფი ანანის მოღვაწეობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
დავით ზალკალიანის განცხადებით, კოფი ანანის საქმიანობაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს თემატიკასა და პრობლემატიკას. ამასთან, იგი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.
„იმედს ვიტოვებ, ის მემკვიდრეობა, რაც კოფი ანანმა დატოვა, აქტიურად და წარმატებით გაგრძელდება როგორც ორგანიზაციის მიერ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში 18 აგვისტოს გარდაიცვალა. კოფი ანანმა 2001 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 1997-დან 2006 წლამდე მუშაობდა. კოფი ანანი იყო ასევე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში, სადაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მუშაობდა.