დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას, პანდემიის პირობებში, ჩეხეთის მხარის სოლიდარობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
სატელეფონო საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ეტაპობრივად, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ, COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას და გატარებულ ზომებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციას და ახლო მომავალში, საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების იმედი გამოთქვა.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებების დაგმობისთვის, რომელსაც რუსეთი პანდემიის პირობებშიც კი აგრძელებს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩეხეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისევე, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია.
მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.