დავით ზალკალიანისა და ტოვიო კლაარის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს დაეთმო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოფელ ნაბაკევში.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა მოხდეს გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენა და სათანადო ზომების მიღება.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვამ, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა მიიღო გარკვეული ტენდენციის სახე. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილ იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია.
„ამ ფონზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების თანახმად, განახლების აუცილებლობას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ადგილზე რამე სახის ახალი ინციდენტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ რეგულარულ მონიტორინგს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის როლისა და წვლილისთვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტოვიო კლაარმა პირველ არხს განუცხადა, რომ სოხუმში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზეც ისაუბრეს. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნლეოვანია, ყველა არსებული ინფორმაციით ვიყოთ უზრუნველყოფილი. კონტაქტზე ვარ რუსულ მხარესთან და დაჟინებით მოვითხოვთ, ქართულ მხარეს მიაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.