დავით ზალკალიანი - ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა ჩვენ მოქალაქეებს გაუადვილდეთ ლეგალური ყოფნა
ჩვენ ვმუშაობთ არა მარტო საბერძნეთთან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა ჩვენ მოქალაქეებს გაუადვილდეთ ლეგალური ყოფნა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბერძნეთში რამდენიმე ათას საქართველოს მოქალაქეს აქვს უკვე ლეგალურად ბინადრობის მოწმობა.
„ამ თვალსაზრისით საბერძნეთთან უკვე გარკვეული საქმიანობა განხორციელებულია. ამ პროცესში საელჩო აქტიურად არის ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ლეგალური ბინადრობის მოწმობები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა დღეს საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.