დავით ზალკალიანი - უკრაინელ პარტნიორებს სააკაშვილთან დაკავშირებით მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, არც კი უნდა იყოს განხილული ჩვენი ურთიერთობების მძევლად აყვანა, რასაც ცდილობენ ოპონენტები და მსჯავრდებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დეტალები არ არის ცნობილი.
„მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ მიმართულებით მუშაობენ შესაბამისი უწყებები. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენს საზოგადოებას, და უპირველესად, თქვენ, გექნებათ საშუალება, გაიგოთ ზუსტად იმ კითხვებზე პასუხი, რა კითხვებსაც ახლა სვამთ, თუ როგორ შემოვიდა. როგორც თქვენ, მეც მოვისმინე საქართველოს პროკურატურის განცხადება, რომ გარდა იმისა, რომ ის არის მსჯავრდებული და ბრალდებული ოთხ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მისჯილი აქვს 6 წელი, სწორედ ამის გამო იმყოფება ქართულ საპატიმრო დაწესებულებაში, ბრალი მას კიდევ დაუმძიმდა, რადგანაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა. როგორც პროკურატურის განცხადებაში იყო, დაემატება შესაბამისი ბრალი, ანუ მას დაუმძიმდა და ახალი ბრალი წარედგინება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანი განმარტავს, რომ პირის ექსტრადირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას იმ ქვეყნის სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. მისივე თქმით, საქართველოს უკრაინასთან ნაყოფიერი კონტაქტები აქვს და ურთიერთობაში სამომავლოდაც არანაირი პრობლემა არ იქნება.
„რაც შეეხება ექსტრადირებას, გავიმეორებ, რომ იმ შემთხვევაში ხდება ექსტრადირება, თუ მას ჩადენილი აქვს იმ ქვეყნის სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. ეს კონტაქტები კარგა ხანია დაწყებულია. მოგეხსენებათ, როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ისე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია. საელჩოს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ყველანაირი, ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის პროკურატურის ინფორმაცია – ბრალი, სასჯელი, რაზეც იხდის. ასევე, ინფორმაცია იმ გარემოებებზე, რა გარემოებებშიც მოხდა მისი დაკავება. ანუ ის, რაც ცნობილია საზოგადოებისთვის.
მოგეხსენებათ, უკრაინაში ახალი ელჩი გვყავს, ის დღის განმავლობაში გადასცემს რწმუნებათა სიგელებს და მიაწვდის დამატებით ინფორმაციას. ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს თუ ასეთი ინფორმაცია აინტერესებთ, აუცილებლად მივაწვდით მათ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს ძალიან წყნარად, მშვიდად მივაწვდით ყველანაირ ინფორმაციას და საერთოდ არანაირი პრობლემა არ იქნება. არც კი უნდა იყოს განხილული ჩვენი ურთიერთობების მძევლად აყვანა, რისი მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს და თავად მსჯავრდებულს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.